დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სიახლეები/ბლოგი

აღმოაჩინე დუბაი

  1794

ქალაქი, რომელიც ერთი ნახვით გიყვარდება - დუბაი

მსოფლიოს ყველაზე მდიდრული ქალაქი, არაბულ ტრადიციებთან შერწყმული სუპერ თანამედროვე ინოვაციები, გინესის რეკორდების წიგნში შესული არაერთი არქიტექტურული შედევრი. ეს იმ უპირატესობათა მცირე ჩამონათვალია, რაც დუბაის, ტურისტული თვალსაზრისით, მიმზიდველს და სასურველს ხდის.

იცით თუ არა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი, სწორედ,  დუბაიში მდებარეობს.  ეს არის ,,ბურჯ ხალიფა“, არაბული სამყაროს სიამაყე. შენობის სათვალთვალო კოშკიდან მთელს ქალაქზე პანორამული ხედი იშლება: უკიდეგანო უდაბნო, ლურჯი ოკეანე და უამრავი ლამაზი შენობა. ,,ბურჯ ხალიფა“ ღირსეულად იკავებს თავის ადგილს გინესის წიგნში, არა მხოლოდ სიმაღლის გამო, არამედ მსოფლიოში ყველაზე მაღალსიჩქარიანი ლიფტითაც, რომელიც განსაკუთრებით ექსტრემის მოყვარულ ტურისტებს იზიდავს. გარდა ამისა, ქალაქის მთავარი სიმბოლო და ღირსშესანიშნაობაა სასტუმრო ,,ბურჯ ალ არაბი“, რომელიც ხელოვნურ კუნძულზეა გაშენებული და სანაპიროს ხიდით უკავშირდება.

იცით თუ არა, რომ დუბაიში 6500 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულია სასწაული ბაღი, სადაც 50 მილიონზე მეტი ყვავილი იზრდება. ეს ხომ სამოთხეა დედამიწაზე - მშვიდი ატმოსფერო, ყვავილების საოცარი სურნელი და ფერთა პალიტრა, ულამაზესად მორთული დეკორაციები კი ხელოვნების ნამდვილი შედევრია. გარდა ამისა, არანაკლებ საინტერესოა მოცეკვავე შადრევნები  -  ფერად-ფერადი წყლის ნაკადი 140 მეტრს აღწევს, ხოლო მათი ჯადოსნური ,,ცეკვები“ არაბული მუსიკის თანხლებით, თითქოს, 1001 ღამის ეგზოტიკურ ზღაპრებში გამოგზაურებთ.

აღსანიშნავია, არაბული პარკები, სადაც უამრავი თემატური ზონა, რესტორანი და ატრაქციონია თავმოყრილი. ეს არის ჯადოსნური ადგილი, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ - აქ შეხვდებით მულტფილმის საყვარელ გმირებს, უეცრად კი აღმოჩნდებით დინოზავრების ეპოქაში.

იცით თუ არა, რომ დუბაიში პალმის ფორმის ხელოვნური კუნძულები მსოფლიოს მერვე საოცრებადაა მიჩნეული და იგი  ქართველი ინჟინრის, ოთარ ზალდასტანიშვილის მიერ არის დაპროექტებული. გიფიქრიათ  რაშია მისი განსაკუთრებულობა? - ის, რომ ხელოვნურად გაკეთებული კუნძულები ზღვის ტალღებს  არ მიაქვს. კუნძულებზე ვილები, რესტორნები, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროებია. მათ შორის ყველაზე გრანდიოზული  გახლავთ  სასტუმრო ,,ატლანტა“, რომელსაც უზარმაზარი, გიგანტური კარიბჭის ფორმა აქვს და, საიდანაც მთელი სპარსეთის ყურის ულამაზესი პანორამული ხედი იშლება. ამასთანავე, სასტუმრო ვიზიტორებს სთავაზობს ორ წყალქვეშა სამსართულიან ნომერს. კუნძულზე,  გართობის  უამრავი საშუალება: რესტორნები, დელფინარიუმი და დუბაის ყველაზე დიდი აკვარიუმი.

ვაგრძელებთ მოგზაურობას დუბაის ძველ მხარეში  - გაინტერესებს როგორი იყო ქალაქი ნავთობის აღმოჩენამდე? ამისთვის, უნდა ეწვიოთ მემკვიდრეობის სოფელს, სადაც გაიგებთ საინტერესო ფაქტებს, თუ როგორ მოიპოვებდნენ წიაღისეულს, მარგალიტებსა და ოქროს საბადოებს. ამასთან ერთად, შეგიძლიათ  გაისეირნოთ არაბულ ქუჩებში, დაათვალიეროთ ტრადიციული სპარსული სახლები, ისლამური ტაძრები და მეჩეთები.  

დიახ... დუბაი ერთდროულად არის უმდიდრესი კულტურის მქონე ქალაქი და თანამედროვეობის საუკეთესო მაგალითი.

როგორც ამბობენ, მსოფლიო დიდი წიგნია და ვინც არ მოგზაურობს მუდმივად ერთ გვერდს კითხულობსო.

,,წამოიღე ლამაზი მოგონებები, დატოვე ნაკვალევი“ - გაეცანი ჩვენს შეთავაზებას და თავად აღმოაჩინე დუბაი. 

ავტორი: ლია კალმახელიძე

ატვირთვის თარიღი: 2022-03-12

arrow